საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

პაშინიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "მგრძნობიარე საკითხებზე" დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს, რადგან ყოველ კონფლიქტს "თავისებურებები" ახასიათებს.

"ეჭვგარეშეა რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა, არის ჩვენი რეგიონის სტაბულურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტთაგანი", — განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ კი აღნიშნა, რომ მიუხედავად საგარეო ორიანტაციაში განსხვავებული ხედვისა, შეუძლებელია მეზობელ ქვეყნებს შორის გაურკვევლობა იყოს. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობას კეთილმეზობლურ ჭრილში გააგრძელებენ.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ის შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტსაც.