თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია გლობალ ბრენდი 7 მილიონი დოლარით დააფინანსა. მათი ინფორმაციით, ეს 100%-იანი ინვესტიციაა მაშინ, როცა ფონდი ძირითადად თანაინვესტირებით იფარგლება.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გაჩეჩილაძემ მთავრობას ამ კომპანიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას წარუდგინა, რომელიც მისი მეგობარი იყო. გაჩეჩილაძე მეგობრობდა ფონდის დირექტორ დავით საგანელიძესთანაც, რომელიც წარსულში მისი თანაპარტიელიც იყო. თუმცა, ის არ ფიქრობს, რომ დაფინანსება მათი დამსახურებით მიიღო.

"მე ვიყავი პოლიტიკაში. მე ვარ ვიღაც ადამიანების მეგობარი. ეს რას ნიშნავს, ჩემი გამოცდილებით პროექტი აღარ უნდა დავწერო, მთავრობაში არ უნდა მივიტანო? აკრძალული მაქვს ამის გაკეთება თუ რა?!" — განუცხადა მან თავისუფლების მონიტორს.

ჟურნალისტის განმარტებას, რომ ფონდს ამხელა თანხით აქამდე არავინ დაუფინანსებია, გაჩეჩილაძე პასუხობს:

"რაღაცა ყოველთვის ხდება პირველად. ასე მოიგონა ჯობსმა, ეძებდა, ეძებდა არავინ არ აფინანსებდა, საბოლოო ჯამში, იპოვა დამფინანსებელი და დღეს პირველი კომპანიაა ეფლი".

საპარტნიორო ფონდი შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით.

საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა, რის ძირითად მიზეზად შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგები დასახელდა. ფონდმა ზარალით დაასრულა 2015 (189,5მლნ) და 2017 (482 მლნ) წლებიც.