რუსი მსახიობი ანატოლი ბელი ამბობს, რომ რუსულ პროპაგანდისტულ ფილმში აგვისტო. რვა მონაწილეობას ნანობს. ამის შესახებ მან RTVi-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. მსახიობი ფილმში პრეზიდენტის მრჩეველს თამაშობდა.

ანატოლი ბელი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ იმ პერიოდისთვის "პოლიტიკურად ბრმა" იყო და მას შემდეგ საქართველომ ის შავ სიაში შეიყვანა.

ეკატერინე კოტრიკაძე: უყურეთ, თქვენ თამაშობდით ფილმში რუსეთ-საქართველოს ომზე აგვისტო. რვა. ეს ფილმი, საყოველთაო აღიარებით (მაგრამ თუ თქვენ ასე არ თვლით, ვიდაოთ), რუსულ იარაღზეა, რუსეთის დიდებაზეა, რუსეთის მიერ უდანაშაულოების გადარჩენაზეა და ა.შ. ეს სავსებით პროპაგანდისტული ისტორიაა. როგორ დათანხმდით ასეთ ფილმში მონაწილეობას, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ანატოლი ბელის ამ ფილმში მონაწილეობა უნდა მიეღო?

ანატოლი ბელი: იცით, გულწრფელად გეტყვით. ვნანობ, რომ გადაღებებში მონაწილეობა მივიღე. ეს იმ დროისთვის იყო ჩემი სრულიად პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინრობა. იმ პერიოდში საერთოდ არ მესმოდა, რა ხდებოდა. საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი. პოლიტიკურად ინფანტილური ადამიანი ვიყავი. ამან ცუდად იმოქმედა, რადგან მას შემდეგ მე საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში ვეღარ ვმონაწილეობ.

ეკატერინე კოტრიკაძე: რას ამბობთ!

ანტონ ბელი: დიახ. ყოველ შემთხვევაში, ასე რაღაც პერიოდი იყო. შეიძლება, ახლა რამე შეიცვალა. არ ვიცი. მაგრამ იყო ორი პროექტი, რომელთა გადაღებაც საქართველოში უნდა ჩატარებული, მაგრამ უცბად გამოაცხადეს, რომ მე არ მაქვს იქ ყოფნის უფლება, რადგან საქართველოს შავ სიაში ვარ. დიახ, ეს ჩემთვის სასწავლო ამბავია. მას შემდეგ ძალიან ვაკვირდები სცენარს, დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე.

2012 წელს გამოსული ფილმი აგვისტო. რვა 2008 წლის ომის შესახებ გადაღებული რუსული პროპაგანდისტული ფილმია. ის ჯანიკ ფაიზიევმა გადაიღო და რუსეთის მიერაა დაფინანსებული. ფილმში მოთხრობილია მარტოხელა დედის ისტორია, რომელმაც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი შვიდი წლის შვილი მამასთან ცხინვალში გაუშვა.