29 თებერვალს ფრანგულ ოსკარებად წოდებული სეზარების 45-ე დაჯილდოება გაიმართა, სადაც ფრანგულმა კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულად რომან პოლანსკი დაასახელა.

ეს პოლონური წარმოშობის ცნობილი ფრანგი რეჟისორი 1978 წელს ამერიკის სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის აღსრულებამდე მან ქვეყანა დატოვა და დღემდე არ უგია პასუხი დანაშაულისთვის. მას შემდეგ პოლანსკი კიდევ არაერთმა ქალმა დაადანაშაულა გაუპატიურებაში, რის გამოც ქალის უფლებათა დამცველები ხშირად აკრიტიკებენ კინოინდუსტრიას მისდამი გამოხატული შემწყნარებლობის გამო.

წელს სეზარების დაჯილდოება ჯერ კიდევ მაშინ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, როცა რომან პოლანსკის ფილმი An Officer And A Spy ყველაზე მეტ — 12 ნომინაციაში წარადგინეს. დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად დასახელების შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დამსწრეების ნაწილმა დატოვა, მათ შორის გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის, Portrait Of A Lady On Fire-ის მსახიობმა, ადელ ენელმა.

ადელ ენელმა, რომელიც საფრანგეთში #MeToo მოძრაობის ცნობილი წარმომადგენელია, დარბაზის დატოვების შემდეგ თავისი პროტესტის კიდევ ერთხელ გამოსახატად ეს ფრაზა დაიძახა:

"გაუმარჯოს პედოფილიას!"

თავად რომან პოლანსკი დაჯილდოებას არ ესწრებოდა. მისი განცხადებით, მან ასე თავი აარიდა "ლინჩის წესით გასამართლებას".

86 წლის რეჟისორის გასულ წელს გამოსული ფილმი An Officer and a Spy ცნობილი ისტორიული მოვლენის, დრეიფუსის საქმის შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა კრიტიკოსების ნაწილის დადებითი შეფასება დაიმსახურა და იმასაც კი აღნიშნავენ, რომ რეჟისორი ახალ ფილმში თავის ბიოგრაფიულ დეტალებს აცოცხლებს და ალეგორიულად დრეიფუსის საქმეს მის წინააღმდეგ გაჩაღებული სამართლებრივი დევნის საილუსტრაციოდ იყენებს.