დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთიდან, განსაკუთრებით იტალიიდან დაბრუნდნენ, არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, მათ ეს უნდა დააფიქსირონ და კარანტინში გადაიყვანენ.

"კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა ეს არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ანუ ეს ადამიანები და ყველა ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები რომ ერთად დავძლიოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია", — განაცხადა გამყრელიძემ.

ამჯერად გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ზოგადად, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი აირიდონ. გარდა ამისა, ის მოუწოდობეს საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, რომ საზღვარზე სიმპტომებისა და ჯანმრთელობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც ერთს არ დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 24 ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხიც დღის განმავლობაში იქნება.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.