კომერსანტის ინფორმაციით, საქართველოში პირველი აგროჰაბის მარკეტი გაიხსნება. აგროჰაბის გენერალური დირექტორი, გიორგი ჯაშიაშვილი აცხადებს, რომ პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ჯაშიაშვილი თქმით, აგროჰაბში ნატურალური, ახალი, ჯანსაღი აგროპროდუქტი გაიყიდება. კომპანიას ექნება რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც მოხდება 100 პროცენტით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება, როგორიცაა არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი. გარდა ამისა, კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი აგროჰაბის ბრენდით გაიყიდება.

ჯაშიაშვილის თქმით, აგროჰაბი ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება, სადაც სხვადასხვა სახის წარმოება და 150 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი იქნება.

გარდა ამისა, აგროჰაბში საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტიც იქნება:

"საქართველოში ზღვის პროდუქტების კულტურა არ არის და გვინდა, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ფრეშ და ცოცხალ ზღვის პროდუქტებს, როგორიცაა რვაფეხები, ლობსტერები და ა.შ. ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება ზღვის პროდუქტების მსგავსად შეიძინოს სხვადასხვა ასორტიმენტის თევზი".

მისივე განმარტებით, კომპანია აგროჰაბს გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე. სწორედ, ზემოხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება აგროჰაბის მარკეტში.