საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს განცხადებას:

"მივესალმები სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ავღანეთში. როგორც ყველაზე ძველი კონტიბუტორი ავღანეთის მისიაში, საქართველო მიესალმება მშვიდობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს".

დღეს, 29 თებერვალს დოჰაში გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება აშშ-სა და თალიბანს შორის. ამ მოლაპარაკების შედეგად ავღანეთის 18-წლიანი კონფლიქტი უნდა დასრულდეს. სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის ფარგლებში, თავის მხრივ, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეთანხმების თანახმად, თუ თალიბანი და ავღანეთის მთავრობა პირობებს დაიცავენ, აშშ-სა და ნატოს მოკავშირეები თანახმა არიან, მომდევნო 14 თვის განმავლობაში გაიყვანონ ჯარი ქვეყნიდან. პირობის თანახმად, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ალ-ქაიდა ან სხვა რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება აღარ იქნება.