დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. ამის შესახებ დღეს, 29 თებერვალს კლინიკის დირექტორმა ლევან გოქოძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქ თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით, ხოლო კლინიკაში აქამდე მყოფი პაციენტები კი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდებიან.

"ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ჯერჯერობით ეს იქნება საკარანტინო ზონა. ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას", — თქვა კლინიკის დირექტორმა.

დღეს, 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: