გერმანიის ელჩთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მათ გააჟღერეს კომპრომისული იდეები. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ გააჟღერეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, კონკრეტულად რას გულისმობდა საარჩევნო მოდელის მათი ვარიანტი. მისი თქმით, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ჯერ არ ისაუბრებდნენ ამაზე. მან მედიას ზოგადი განმარტება მიაწოდა:

"ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლებრივი დოზით. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს. იქნება ჩამოყალიბებული რაციონალური დოზით საპარლამენტო უმრავლესობა. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძლევს რომ იქნეს შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით".

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ არსებული მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი აღარ დარჩა:

"შემდეგ მოლაპარაკებებზე, ის, ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებს, მას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას, თუ რა იყო მისი რეალური მოტივაცია".

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდთან რაიმე ვარიანტზე შეთანხმებას გამორიცხავს, თუმცა ამბობს რომ "ქართულმა ოცნებამ ხისტი პოზიცია მოხსნა". ამაზე მან შეხვედრის დატოვების შემდეგ ისაუბრა ჟურნალისტებთან. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი დაგეგმილი არ არის.

"ქართულმა ოცნებამ პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა ეს თავისი ხისტი პოზიცია და მზადაა, ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, თეორიულად მისაღები იყოს ოპოზიციისთვის. გვეყოფა თუ არა ამისთვის დრო, არ ვიცით", — ამბობს ვაშაძე.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებითი ვითარება არ შეცვლილა და ისინი კვლავ უყენებენ პირობებს ხელისუფლებას:

"თუ ივანიშვილი გადადგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ განიმუხტოს ვითარება, ჩვენი პოზიცია იცით, განმუხტვას სჭირდება ორი რამ: ერთი — პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და მეორე — გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვმას ნიშნავს".

ოპოზიციისა და ხელისუფლების არაფორმალურ შეხვედრებს მანამდე აშშ-ს ელჩის მოადგილემ და გერმანიის ელჩმა უმასპინძლა.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".