ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ იგი აღარ ჩაატარებს ბრიფინგს, თუკი იქ მთავარი არხიც იქნება წარმოდგენილი. დღეს, 29 თებერვალს დაგეგმილ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც მთავარი არხის გადამღებმა ჯგუფმა არ დატოვა ტერიტორია, მარინა ეზუგბაიამ არც სხვა ჟურნალისტებს მისცა კომენტარი.

მარინა ეზუგბაიას ინფეციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ბოლო ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. მან განაცხადა, რომ 28 თებერვალს 9-საათიან გამოშვებაში მთავარმა არხმა "ცილისმწამებლური და შეკვეთილი" სიუჟეტი გაუშვა, რის გამოც ის არხს ბოიკოტს უცხადებს.

ეზუგბაია, სავარაუდოდ, გულისხმობდა სიუჟეტს, სადაც მთავარი არხის ცნობით, ნაჩვენები იყო ბოქსირებულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა. სიუჟეტის მიხედვით, პაციენტებს ექიმები უყურადღებოდ ექცევიან, შენობაში არსებულ სველ წერტილებში კი ანტისანიტარიაა.