ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნეს სიახლეების წამყვანი, ანა ცხოვრებავა ამბობს, რომ გადაცემა მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობის გამო დაუხურეს. ჟურნალისტმა ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ხვალიდან გადაცემა ეთერში აღარ გავა.

"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები, ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც. ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის, რომ იცვლება მაესტროს ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის", — თქვა ანა ცხოვრებავამ.

ჟურნალისტი გადაცემის ბოლოს მაყურებელს დაპირდა, რომ თუ მომავალში მას და მის გუნდს რომელიმე ტელევიზიაში ნახავენ ისინი შეინარჩუნებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც მაესტროს ეთერში ატარებდნენ. გადაცემა ბიზნეს სიახლეები მაესტროზე 2017 წლის 13 ივნისიდან გადიოდა.