28-29 თებერვალს გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია, მე-11 პავილიონში, უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.

საგამოფენო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან, აბიტურიენტებს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ილიას უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ, საბუნებისმეტყველო მიმართულებებს და ახალ საინჟინრო პროგრამებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალი წელია მონაწილეობს განათლების საერთაშორისო გამოფენაში. წელს ისინი განსაკუთრებულ აქცენტს ტექნოლოგიებზე აკეთებენ. ილიას უნივერსიტეტის სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გამოსცადონ უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი რობოტები, დრონები და გაიგონ მეტი ტექნოლოგიური პროგრამების შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამები. როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უმეტესწილად ეს პროგრამები სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განვითარდა.

ფოტო: Iliauni

ტექნოლოგიური მიმართულებების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხეც, რომელიც მოიცავს ფიზიკას, ქიმიას, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს. აბიტურიენტების ამ კუთხით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის, — თქვა გიგა ზედანიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა ილიას უნივერსიტეტის ახალი საკვირაო სკოლის მნიშვნელობას მოსწავლეებისთვის:

"საკვირაო სკოლაში მოსწავლეების ვთავაზობთ სასწავლო კურსებს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით. მალე გამოცხადდება მიღება ახალ კურსებზე და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა აბიტურიენტებისთვის, გაიცნონ დღევანდელი ცოდნის მრავალფეროვნება და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ უნივერსიტეტში ჩაბარებისას", — განაცხადა ზედანიამ. საკვირაო სკოლაში გადასახადი სიმბოლურია, ხოლო მოსწავლეებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, შესაძლებელია ამ გადასახადის მოხსნაც.

ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტების შესახებ On.ge-სთან ისაუბრა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ნანა დიხამინჯიამაც — "დღეს აქ მოსულ აბიტურიენტებს ელოდებათ სხვადასხვა ტიპის რობოტები, რომელთა დაპროგრამება აქვეა შესაძლებელი. მათ, ასევე, შეუძლიათ ნახონ, როგორ ვიყენებთ დრონებს სხვადასხვა კვლევით პროექტებში და გაეცნონ ჩვენს დრონების კურსს. ჩვენ, კვლევების გარდა, ვახორციელებთ სტუდენტურ პროექტებს FabLab-ის საფუძველზე, სადაც FabLab და Zoomout აქსელერატორი ახალგაზრდებს ეხმარებათ სხვადასხვა ტიპის პროექტების პროტოტიპირებასა და იდეების განვითარებაში".

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს კურსებს დრონების, ხელოვნური ინტელექტის და "ნივთების ინტერნეტის" მიმართულებით. ნანა დიხამინჯიას თქმით სამომავლოდ იგეგმება "ნივთების ინტერნეტის" (IOT) აკადემიის გახსნა, რომელიც საწყის ეტაპზე განკუთვნილი იქნება სტუდენტებისთვის, ხოლო სამომავლოდ ამ მიმართულებით ჩამოყალიბდება საზაფხულო ბანაკიც, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა მოწყობილობების დაკავშირებას, სენსორების გამოყენებას, გარემოდან მონაცემების შეგროვებას და IOT-ის — "ნივთების ინტერნეტის" აწყობას. გარდა ამისა, ილიას უნივერსიტეტის სტენდთან ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბიოქიმიის განყოფილებასაც, სადაც ისინი სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებას შეძლებენ.

ნანა დიხამინჯიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ახალგაზრდები უმაღლესი და პროფესიული განათლების გამოფენაზე გაიგებენ, ილიას უნივერსიტეტის პროგრამებია, მათ შორის სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩამოყალიბებული ახალი საინჟინრო პროგრამები.

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 28-29 თებერვალს 11:00-დან 19:00-მდე ექსპოჯორჯიაში, მე-11 პავილიონში იმართება. საგამოფენო სივრცეში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია სტიპენდიების მოპოვებასა და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ. ისინი შეძლებენ შეაფასონ, აირჩიონ სასურველი პროგრამა და დაგეგმონ მომავალი სასწავლო პროცესები.