კორონავირუსის პრევენციის გამო იტალიის საფეხბურთო გუნდის მილანის ინტერის თამაშს არცერთი გულშემატკივარი არ ესწრებოდა. CNN წერს, რომ გუნდი ევროპა ლიგის მომდევნო რაუნდში გავიდა, თუმცა დაწინაურება გულშემატკივრების გარეშე აღნიშნა.

თამაში სან სიროს სტადიონზე გუშინ, 27 თებერვალს ბულგარეთის გუნდ ლუდოგორეცის წინააღმდეგ დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. იტალია კორონავირუსის შესაჩერებლად და გასაკონტროლებლად სპეციალურ ზომებს იღებს. ამის გამო სპორტული ღონისძიებები ან გადაიდება ან მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

ლუდოგორეცის გუნდი მილანში სამედიცინო ნიღბებით ჩავიდა, რადგან ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 650-ზე მეტი შემთხვევა და მთელი ქალაქი ჩაკეტილია.

პრევენციის მიზნით, სერია A-ს ხუთი მატჩი ასევე დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.