განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ საქართველოს ბანკის კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელს შეხება არ ჰქონია მოქალაქეებთან. მოგვიანებით ბანკმა დააზუსტა, რომ მათ თანამშრლმელს მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონია კლიენტებთან და იდენტიფიცირებულია ყველა ადამიანი, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს ბანკში დაუდასტურეს.

ბანკში არ ადასტურებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომელი საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ კლიენტებს ემსახურებოდა. ასევე, არ ადასტურებენ იმასაც, რომ ფილიალი, რომელშიც აღნიშნული თანამშრომელი მუშაობდა, დახურულია.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს, 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: