სირიის პროვინცია იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ.

"საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები. საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს, მწუხარებას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს, მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს", —განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულების რაოდენობა უფრო მეტია.

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს. მათივე თქმით, რუსული რეაქტიული თვითმფრინავები წინა კვირის განმავლობაში ამ რეგიონში მიმდინარე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.

თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს ღამით ანკარაში საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ თურქეთის ძალები სირიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ.