სავარაუდოდ, მანათობელი ამფიბია არასდროს გინახავთ. ყოველ შემთხვევაში ასეთი ლაჟვარდოვანი შეფერილობით. Journal of Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამფიბიები ლურჯი სინათლის პირობებში საკმაოდ კაშკაშად ანათებენ.

ლურჯი სინათლის ქვეშ ვეფხვისებრი სალამანდრა მოულოდნელად მწვანე კოპლებით იფარება, რქიანი ბაყაყი კი უცნაურ ელვარებას იძენენ. მარმარილოსებრი სალამანდრის ძვლები ანათებს.

ფოტო: JENNIFER LAMB & MATTHEW DAVIS/ST. CLOUD STATE UNIVERSITY

ამფიბიების ნათების დანახვა მხოლოდ ლურჯი სინათლის დასხივებით არის შესაძლებელი. ფლუროსცენცია დღის სინათლეში თვალით უხილავია. მარმარილოსებრი სალამანდრა სინათლის ტალღის გარკვეულ სიგრძეს შთანთქავს და სხვა სიგრძის ტალღას ასხივებს, რაც მის ნათებას მწვანე შეფერილობას აძლევს.

ასეთი ფლუროსცენცია ბიოლუმინიცენციაში არ უნდა აგერიოთ. ეს უკანასკნელი ცხოველის სინათლის ფიზიოლოგიური გამომუშავების უნარს ეწოდება.

ამფიბიის 32 სახეობიდან, რომელიც კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, ყველა ანათებს.

"ფლუროსცენციის ინტენსივობამ ძალიან გაგვაოცა", — ამბობენ მკვლევრები, ჰერპეტოლოგი ჯენიფერ ლამბი და იხტიოლოგი მეთიუ დეივისი.

იმაზე დაყრდნობით, თუ სხეულის რა ნაწილით ანათებს ცხოველი, მისი ქცევისა და ევოლუციური შეგუებულობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია. მაგალითად, ზოგი სალამანდრას მუცელი ბევრად მეტად ფლუროსცენტულია, ვიდრე მათი ზურგი. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამგვარად სალამანდრები ისეთი მტაცებლებისგან უკეთ იცავენ თავს, რომლებიც მსხვერპლს ზემოდან დაჰყურებენ.

"თუკი ფლუროსცენციას რაიმე კონკრეტული ცილა განსაზღვრავს, შესაძლოა, რომ ეს ნიშან-თვისება ამფიბიების წინამორბედებში აღმოცენებულიყო, ხოლო თუ ნათება სეკრეციით ან სხვა მიზეზით არის განპირობებული, დიდი ალბათობით, ეს თვისება დამოუკიდებლად არის განვითარებული", — ამბობს დეივისი.

ფლუროსცენციის უკეთ გასაგებად ადამიანებს ხილული სინათლის კომფორტის ზონის დატოვება მოუწევთ. ჩვენ სინათლის ძალიან მცირე სპექტრს ვხედავთ, თუმცა ბევრ ცხოველს ინფრაწითელი და ულტრაიისფერი მხედველობა გააჩნია.

მაგალითად, ბზიკები ულტრაიისფერ სინათლეს ხედავენ. ულტრაიისფერი გამოსხივება კი თავის მხრივ ყვავილებს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს, რაც ფუტკრებს და სხვა მწერებს იზიდავს.

ფოტო: JENNIFER LAMB & MATTHEW DAVIS/ST. CLOUD STATE UNIVERSITY

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სალამანდრების ფლუროსცენცია მათმა ცხოვრების სტილმა განაპირობა.

"დღის გაკრვეულ მონაკვეთში, მაგალითად, შებინდებისას, ლურჯი სინათლე ჭარბობს", — ამბობს ლამბი. შესაძლოა, რომ ეს ლურჯი სინათლე სალამანდრების თავდაცვისთვის და გამრავლებისთვის მნიშვნელოვანია.

საღამოობით ლურჯი სინათლის სიჭარბისას, სალამანდრები ერთმანეთისთვის, შესაძლოა, ბევრად უფრო კაშკაშა ჩანდნენ, ვიდრე ჩვენთვის.