სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის, იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანები შეჩერდა. მათი თქმით, აქამდე გაცემული ნებართვების მოქმედება შეჩერდა და დღეიდან დროებით ახალი ნებართვები არ გაიცემა.

გარდა ამისა, მათი თქმით, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესიც დროებით შეჩერებულია.

ამ ეტაპზე ირანი და იტალია, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლება, საიდანაც კორონავირუსის გავრცელებაა შესაძლებელი.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს, 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: