დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

საქართველოში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მისივე განმარტებით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ 50 წლამდე კაცთან, რომელიც ასევე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.

"მესამე დაინფიცირებული წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, სადაც იყო რამდენიმე დღე. გუშინ შემოვიდა საქართველოში, ჰქონდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში", — განმარტავს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, დღეს სამივე დაინფიცირებულის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: