დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების ძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის სიმპტომები საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს გამოუვლინდა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ეპიდკონტაქტების კვლევაში სხვა სამსახურებიცაა ჩართული.

"ახლა მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების ძიება, რამეთუ შემოსვლის შემდეგ ეს ადამიანი იყო უსიმპტომო. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და რადგან მას ჰქონდა საზღვარზე ინფორმაცია, რომ თუ ესა და ეს სიმპტომები დაგეწყება და ა.შ. მან თვითდინებით მიმართა საავადმყოფოს", — განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს, 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჩრდილო-იტალიაში ნამოგზაურებ პირებს 14 დღით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: