ბულინგის მსხვერპლი ბიჭის ოჯახი დისნეილენდში წასასვლელად შეგროვებულ ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხავს. იარაკა ბეილსმა ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, სადაც ტანდაბლობის გამო დაბულინგებული ქუადენი სასტიკად ტირის. თავდაპირველი ვიდეო ახლა მიუწვდომელია, თუმცა გავრცელებულია ტვიტერზე და სხვა სოციალურ ქსელებში.

გულისამაჩუყებელი ვიდეოს ნახვის შემდეგ, უცნობებმა ქუადენს 474 924 დოლარი შეუგროვეს, რომ ის დისნეილენდში წაეყვანათ. ოჯახი გამოჩენილი სიკეთით ძალიან მადლიერია, თუმცა შეგროვებულ თანხაზე უარს ამბობს და აპირებს რომ ფული "რეალურ პრობლემებს" მოახმარონ.

"პატარა დააბულინგეს, რამდენი სუიციდი ხდება ბულინგის გამო? მართლია დისნეილენდში წასვლა ძალიან გვინდა, მაგრამ ახლა ჯობს, რომ სხვებს დავეხმარო", — ამბობს ქუადენის დედა მედიასთან საუბრისას.

ოჯახი აპირებს, რომ ფული ორ ორგანიზაციას გადაურიცხოს, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიაში ტანდაბლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ქუადენის დედა ამ იდეას კომიკოს ბრედ უილიამთან ერთად განიხილავს. სწორედ ამ უკანასკნელის იდეა იყო, რომ ბიჭუნასთვის GoFundMe-ზე ფული შეეგროვებინა. ბრედსაც და ქუადენსაც ერთი და იგივე დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ.

ქუადენს მხარდაჭერა სპორტსმენებმა და ვარსკვლავებმაც გამოუცხადეს. მაგალითად, ქუინსლენდში გამართულ რაგბის მატჩზე, ქუადენი რაგბისტებს წინ გაუძღვა.

ჰიუ ჯეკმანმა, ჯეფრი დინ მორგანმა და სხვა ვარსკვლავებმა ტვიტერზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბულინგს გმობდნენ და ქუადენს მხარდაჭერას უცხადებდნენ.

ამავე თემაზე: