სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა, ბონგ ჯუნ ჰომ, რომელმაც თავისი ფილმით პარაზიტი ოსკარებზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ამერიკელი რეჟისორი, ჯორდან პილი იმ რეჟისორებს შორის დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, კინოს მომავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელოვანები არიან.

ჯორდან პილმა ამჯერად, როგორც რეჟისორმა არა, თუმცა, როგორც სცენარისტმა და პროდიუსერმა მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ჟანრის ახალი ფილმის შექმნაში, რომლის ტრეილერიც ცოტა ხნის წინ გაავრცელა Universal Pictures-მა:

Candyman — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე 1992 წელს ბერნარდ როუზის მიერ გადაღებული გახმაურებული საშინელებათა ჟანრის კინოსურათის სიქველია.

"ლეგენდის თანახმად, თუ სარკეში ჩახედვისას მის სახელს ხუთჯერ გაიმეორებ, ის სარკეში გამოჩნდება და მოგკლავს", — ამბობს ტრეილერში მთავარი გმირი, ენტონი მაკკოი, რომლის როლსაც სერიალ Watchmen-ის მსახიობი, იაია აბდულ მატინი ასრულებს.

სწორედ ეს პერსონაჟი, რომელიც პროფესიით მხატვარია, დაიწყებს ამ ლეგენდის მიღმა არსებული რეალური ისტორიების შესწავლას, რაც საბოლოოდ შემზარავ და ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანს.

Get Out-ისა და Us-ის რეჟისორი, ჯორდან პილი უინ როსენფელდთან და კლაივ ბარკერთან ერთად ფილმის მთავარი სცენარისტიზ, შესაბამისად ამ ახალ კინოსურათში დაძაბულ სიუჟეტურ ქარგასთან ერთად რასიზმისა და კლასობრივი უთანასწორობის რეპრეზენტაციასაც უნდა ველოდოთ.

Candyman, რომელიც დამწყებმა რეჟისორმა, ნია დაკოსტამ გადაიღო, კინოთეატრებში 12 ივნისს გამოვა.