ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ერთი კვირის წინ დატოვება, ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავარ არხს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას, თუ რომელ პარტიას შეუერთდება, ჩამოყალიბების შემდეგ მიიღებს:

"ეს არის სერიოზული საკითხი. მე მჭირდება კონსულტაციები. გავიმეორებ, რომ მე ვიყავი 6 წელი და 9 თვე სრულ იზოლაციაში. ჩემი მხრიდან ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, იქნებოდა არასერიოზული".

გარდა ამისა, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და რჩევები მნიშვნელოვანი იქნება.

ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.