ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ წითელი პანდა ერთის ნაცვლად ორი სახეობაა.

ფიზიკური განსხვავებები მათ შორის აქამდეც შეინიშნებოდა, თუმცა გენეტიკური მტკიცებულების არარსებობის გამო წითელი პანდა ერთ სახეობად განიხილებოდა.

ჩინურ წითელ პანდას უფრო მუქი წითელი ბეწვი და ზოლიანი კუდი, ჰიმალაურ წითელ პანდას კი თეთრი სახე აქვს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ხელმძღვანელმა იობო ჰუმ განაცხადა, რომ ჰიმალაურ პანდას გენეტიკური ნაირსახეობის სიმწირისა და მცირე პოპულაციის გამო განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

მარცხნივ ჩინური, მარჯვნივ კი ჰიმალური წითელი პანდა

ფოტო: YUNFANG XIU /ARJUN THAPA

"იმისთვის, რომ ორი სახეობის უნიკალური გენეტიკური მონაცემები შევინარჩუნოთ, საჭიროა, რომ მათი ერთმანეთში შეჯვარება თავიდან ავიცილოთ", — თქვა მან.

მკვლევარებმა 65 ველური წითელი პანდის დნმ გააანალიზეს. შედეგად კი ორი განსხვავებული სახეობა მივიღეთ, რომელიც მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 250 ათასი წლის წინ მდინარემ მათი პოპულაცია ორად გაყო.

ფოტო: GETTY IMAGES

წითელი პანდა ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, ბუტანისა და მიანმარის მთაგორიან ტყეებში ბინადრობს. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ყოველდღე მცირდება და ნადირობისა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის გამო ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

თავდაპირველად, წითელი პანდა ზოლიანი კუდის გამო ენოტის მონათესავე ეგონათ, შემდეგ კი დათვების მონათესავედ ჩათვალეს. ახლა კი ცნობილია, რომ მათ საკუთარი ოჯახი აქვთ და ასევე, გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრები არიან.

მათი ბეწვის, განსაკუთრებით კი ფუმფულა კუდის გამო წითელი პანდები არალეგალური ნადირობის მსხვერპლები ხშირად ხდებიან. ბეწვს ძირითადად ქუდების დასამზადებლად იყენებენ.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.