ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით კორონავირუსის გამო ფრენებს შეზღუდავს. ფრენების განრიგი იტალიის 4 ქალაქის მიმართულებით შეიცვლება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით:

  • მილანში — 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ფრენა პარასკევ დღეს იქნება;
  • რომში — 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათი დღის ფრენა დარჩება;
  • ბოლონიაში — 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება;
  • ბარიში — 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდება სამი ფრენა.

Wizz Air-ის განცხადებით, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირე 60%-ით მცირდება. საჰარო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.

"მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ჰქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის
Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს", — ნათქვამია განცხადებაში.

Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ უნგრულ მედიასაშუალება Dehir.hu-ს უთხრა, რომ ფრენების შეზღუდვის მიზეზი იტალიის მიმართულებით მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გახდა. ანდრეს რადომის განმარტებით, დაზარალებულ მზგავრებს ელექტრონული ფოსტით 15 დღით ადრე აცნობებენ და მათ ბილეთის ფულს დაუბრუნებენ.

26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: