დედამიწას ერთი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს — მთვარე, თუმცა ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ძალიან პატარა თანამგზავრი აღმოაჩინეს, რომელიც უკვე 3 წელია, რაც ჩვენს გარშემო ბრუნავს.

ასტეროიდს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს, 2020 CD3 ეწოდება და ის NASA-ს მხარდაჭერით, არიზონას უნივერსიტეტის პლანეტარული ლაბორატორიის მეცნიერებმა კაცპერ ვეირცოსმა და თეოდორე პრუინემ აღმოაჩინეს.

ამ ობსერვატორიაში პროექტ Catalina Sky Survey-ს ფარგლებში მკვლევრები დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის მქონე ციურ სხეულებს აკვირდებიან.

მცირე პლანეტათა ცენტრის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (MPC) თავის საიტზე განცხადებას აქვეყნებს:

"კვლევა აჩვენებს, რომ ამ ობიექტს დედამიწის გარშემო დროებით ბრუნავს".

ასტეროიდი ძალიან პატარაა. მკვლევრების თქმით, მისი დიამეტრი დაახლოებით 1,9-3,5 მეტრია. ის რიგით მეორე ასტეროიდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე დააფიქსირეს.

ასტეროიდის სიმულირებული ორბიტა დედამიწის გარშემო

ასტეროიდის სიმულირებული ორბიტა დედამიწის გარშემო

ფოტო: Tony Dunn

პირველი ასტეროიდი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე დროებით აღმოჩნდა, 2006 წელს ასევე Catalina Sky Syrvey-ს მეშვეობით აღმოაჩინეს. მას RH120 ეწოდება.

RH120-ის წარმომავლობის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სინამდვილეში ის აპოლოს ერთ-ერთი მისიის დროს კოსმოსში დატოვებული რაკეტის ამაჩქარებელია და შესაბამისად, ბუნებრივი თანამგზავრი არ არის.

შესაძლოა, რომ დედამიწას დროებითი თანამგზავრები მანამდეც ჰყოლია, რომლებიც არ შეგვიმჩნევია. კოსმოსზე დაკვირვების ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, არაა გამორიცხული, რომ კიდევ მრავალი "თანამგზავრი" აღმოვაჩინოთ.