ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის სასჯელის გადავადების სხდომა გადაიდო. მოსამართლის თქმით, მსჯავრდებულს "თავად არ სურს პროცესზე მოსვლა". მისივე განცხადებით, პატიმარი მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაშია.

ციხიდან მიღებული წერილი მოსამართლემ წაიკითხა. როგორც მან განმარტა, სხდომა მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში 5 მარტს ჩატარდება.

დეკანოზის ადვოკატის თქმით, საწყის ეტაპზე სხვა ინფორმაცია მიიღეს სასჯელაღსრულებიდან, რომ ვერ ხერხდებოდა მსჯავრდებულის გადმოყვანა.

"დამადასტურებელი იმისა, რომ დეკანოზმა განაცხადა უარი, ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. სანამ არ შევალ და არ გავესაუბრები, მანამდე არ მექნება რაიმე ინფორმაცია".

ადვოკატმა უარყო პენიტენციური სამსახურის განცხადებაც იმაზე, რომ დეკანოზი საკუთარი სურვილით არის მწოლიარე მდგომარეობაში:

"სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა არის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას".

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სხდომაზე წამოდგა და მოსამართლეს "მონა" უწოდა. მისი თქმით, ეს მიზანმიმართულად ხდება, რათა სხდომა საჯარო არ იყოს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სხდომას ესწრებოდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი. მეუფე პეტრეს თქმით, საპატრიარქო უნდა ყოფილიყო ინიციატორი დეკანოზის მკურნალობისთვის სასჯელის გადავადების.

"დღეს აქ რომ არ გულშემატკივროვენ, ეს ცხადყოფს რამდენად არაგულწრფელი იყო პატრიარქი და მისი ბანდა საპატრიარქოს სახით. როგორი ყალბი წერილით მიმართა პრეზიდენტს შეწყალებისთვის", — აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge