პარტია ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას მანდატების ახალი გადანაწილება შესთავაზა, რაც 110 პროპორციულ და 40 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს. ამის შესახებ ვაშაძემ, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ თქვა, ევროკავშირის ელჩთან ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრისას, მანდატების გადანაწილების ახალი შეთავაზება უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.

"გარკვეული სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა ნამდვილად არის ის, რომ ახლა ქართული ოცნება გვეუბნება, რომ 110/40-ზეაო ჩვენი პოზიცია, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე ძაან მარტივი მაქვს, რომ ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რაღაცას, რომ 40%-ზე ნაკლები თუ აქვს მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უმრავლესობა ჩამოაყალიბოს ანუ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პროპორციულის მისწრაფება. ამ შემთხვევაში შეიძლება თავისუფალი კენჭისყრა მაინც იყოს ოპოზიციის მხრიდან", — განაცხადა გიორგი ვაშაძე.

ამ წუთებში ევროკავშირის ელჩის, კარკლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრის მიზანია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვამდე, რომელიც თებერვლის ბოლოს იხურება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მიაღწიონ.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".