კანადიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულმა პრინცმა ჰარიმ შოტლანდიაში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეებს უთხრა, რომ ამიერიდან მიმართვის ფორმაში პრინცი აღარ გამოეყენებინათ.

ტურიზმის განვითარების კონფერენციაზე, მან ითხოვა, რომ მისთვის უბრალოდ ჰარი დაეძახებინათ. ის უკანასკნელ საჯარო ღონისძიებებში ერთვება, რის შემდეგაც, ცოლთან, მეგან მარკლთან ერთად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარეთ ახალ ცხოვრებას არ დაიწყებს. მეგანსა და ჰარის სამეფო ვალდებულებები 31 მარტს შეუწყდებათ.

"ცხადია, რომ სურს უბრალოდ ჰარი დავუძახოთ. ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, დამსახურებული, თბილი შოტლანდიური მისალმებით შევეგებოთ ჰარის", — ასე წარადგინა ის ღონისძიების წამყვანმა აიეშა ჰაზარიკამ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი საკუთარ ბრენდში სიტყვა "Royal"-ს ვეღარ გამოიყენებენ, რის გამოც, დაპატენტებული "SussexRoyal-ის" გამოყენების უფლება შეეზღუდებათ. მათ მოუწევთ ორგანიზაციისთვის სახელის გადარქმევა და სოციალურ ქსელებში სახელის შეცვლა.

"მსოფლიო მასშტაბით, სიტყვა "სამეფოს" გამოყენებაზე მონარქისა და ბრიტანეთის მთავრობის იურისდიქცია არ ვრცელდება", — განაცხადეს ჰარიმ და მეგანმა, თუმცა სამეფო ოჯახის მოთხოვნას და სახელის შეცვლას დათანხმდნენ.

ჰარის კვლავ შეუძლია თავისი სამეფო წოდებების გამოყენება, როგორიცაა მისი სამეფო უდიდებულესობა, მაგრამ როგორც ჩანს, დედოფლის შვილიშვილს ამის სურვილი აღარ აქვს.

მეგანი და ჰარი აპირებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებით დაეხმარონ საზოგადოებას, გააძლიერონ ახალგაზრდები, ქალები, ცნობიერება აამაღლონ შიდსზე, კონსერვაციაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

2020 წლის დასაწყისში წყვილმა განაცხადა, რომ სამეფო ვალდებულებებს ჩამოშორდებოდა და საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშავებდა.