დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის მქონე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, ჯერჯერობით პაციენტის კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებში ცვლილებები არ ვლინდება. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ამ დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც პნევმონიის სახით გამოვლიდნება.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია კორონავირუსის მქონე ადამიანის თანმხლები პირის მდგომარეობაც. ეზუგბაიას თქმით, ამ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"დღესაც ჯერჯერობით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ობიექტურად ცვლილებები არ ვლინდება, განმეორებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, აქედან გამომდინარე ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, დღეს დილამდე ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 2-ს იტალიასთან ჰქონდა კონტაქტი და 1-ს ირანთან.

"ჩვენს ცენტრში ამჟამად მეთვალყურეობს 10 პაციენტი. დღეს დილის 2 საათამდე გვყავდა 19 პაციენტი. ამ 19 პაციენტიდან 12 გადაყვანილი იქნა საკარანტინო სივრცეში და დარჩა 7 პაციენტი. დღეს დილამდე დაემატა 3 პაციენტი და ამჟამად არის 10 პაციენტი. 3 ახალი პაციენტის კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში და მათი ტესტირებით ახალ კორონავირუსზე შედეგი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება", — განაცხადა ეზუგბაიამ.

26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა საბერძნეთში, ნორვეგიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, ბრაზილიასა და საქართველოში.

ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვეევა — 470 იტალიაშია დაფიქსირებული. მზარდია დაავადების რიცხვი სამხრეთ კორეაშიც, სადაც დამატებით 334 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში 1 595-ს მიაღწია. ჩინეთში კი სულ 78 499 დაინფიცირებული პაციენტია გამოვლენილი.

გაიგეთ მეტი: