კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე არსებობს შრე, რომელსაც ხშირად "ორბიტალურ სასაფლაოს" ეძახიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ორბიტის ამ მონაკვეთში უფუნქციო ან გაფუჭებული ხელოვნური თანამგზავრებია მოთავსებული.

თანამგზავრი "სასაფლაო ზონაში" მაშინ გადაჰყავთ, როდესაც ის ვარგის აღარ არის. ისტორიაში პირველად 25 თებერვალს Northrop Grumman-ის MEV-1 ხომალდი "სასაფლაოზე" მყოფ თანამგზავრ Intesat 901-ს მიემაგრა და აქტიურ ორბიტაზე დააბრუნა.

Intelsat 901 ცხრამეტი წლის მანძილზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა დროთა განმავლობაში საწვავის უკმარისობის გამო მას დედამიწიდან ვეღარ აკონტროლებდნენ. ხომალდი MEV-1, რომელმაც Intelsat 901 "გადაარჩინა", თანამგზავრის მართვას 5 წლის მანძილზე თავის თავზე აიღებს.

MEV-1 ორბიტაზე 2019 წლის ოქტომბერში გაუშვეს. სასაფლაოზე აღმოჩენილ თანამგზავრთან მისამაგრებლად, მას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. 5 წელიწადში MEV-1, Intelsat-ს ისევ "სასაფლაოზე" დააბრუნებს. ამის შემდეეგ, MEV-1 შესაძლოა სხვა თანამგზავრს მოემსახუროს.

"ისტორიაში პირველად, მიმაგრება ისეთ თანამგზავრთან განხორციელდა, რომელიც ამ ფუნქციისთვის შექმნილი არ ყოფილა", — ამბობს კოსმოსური ლოჯისტიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ანდერსონი.

მისიის წარმატება კოსმოსური ფრენების ინდუსტრიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მწყობრიდან გამოსული თანამგზავრების უპილოტო შეკეთება თანამგზავრის მწარმოებელ და გამშვებ კომპანიებს ფულს დააზოგინებს. ამასთანავე, დედამიწის ორბიტა "ნაგვისგან" გაიწმინდება.

Norhtrop Grumman ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც ხელოვნური თანამგზავრების შეკეთების ბიზნესში ცდილობს ჩართვას.

მაგალითად, Astroscale კერძო კომპანიაა, რომელიც კოსმოსიდან ნარჩენების და "ნაგვის" გაწმენდაზეა ორიენტირებული.

Astroscale წელს სატესტო თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მომავალში უფუნქციო თანამგზავრებს სპეციალურად გაშვებული ხომალდები მაგნიტებით მიემაგრებიან და დედამიწის ატმოსფეროში შემოიყვანენ, სადაც უფუნქციო სატელიტი დაიწვება.