საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ჯგუფის პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ყველა უწყებისგან მოისმინა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდოს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა.

"ცოტა ხნის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მესაზღვრეები საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილნი და ისინი კონტროლის ქვეშ იქნებიან. მინისტრის განცხადებით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, არ იგეგმება სწავლის შეწყვეტა და ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში. დღეს, 26 თებერვალს კორონავირუსისი პირველი შემთხვევა დადასტურდა ბრაზილიაში.

ამავე თემაზე:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001.