ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ მან იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესამოწმებლად გადაიყვანეს ის მესაზღვრეები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს.

"ცოტა ხნის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში.

დღეს, 26 თებერვალს კორონავირუსისი პირველი შემთხვევა დადასტურდა ბრაზილიაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები უფრო მეტად ჩინეთის გარეთ ფიქსირდება, ვიდრე ჩინეთში.

ამავე თემაზე:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001.