ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებით, იმისთვის, რომ საზოგადოებას არჩევნებისადმი ნდობა გაუჩნდეს აუცილებელია საარჩევნო სისტემაზე ფართო კონსენსუსი. პრეზიდენტის განცხადებას ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსენსუსის მიღწევა, კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა, პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს",— ამბობს დერეკ მიტჩელი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა. NDI-ის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით 24-26 თებერვალს იმყოფებოდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო. დერეკ მიტჩელი თბილისსა და მარნეულს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტარებს, პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და საქართველოში NDI-ის საქმიანობა იყო. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას.