რუსეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში ვიდეოკამერების დაყენება დაიწყეს. როგორც მოსკოვის საპატრიარქო სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელმა, იღუმენია ქსენიამ განაცხადა, კამერებს რუსეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე აყენებენ.

მისივე თქმით, კამერები აღსარების ჩაბარების ადგილებში და საკურთხეველში არ იქნება.

"რაც შეეხება ტაძრის სხვა სივრცეებს, ბევრ ტაძარში ვიდეოკამერები დიდი ხანია განთავსებულია, მათ შორის, რათა თავიდან აირიდონ როგორც საეკლესიო ნივთების, ისე მრევლის პირადი ნივთების ქურდობა", — განაცხადა იღუმენია.

კამერების დაყენებას დაიწყებენ იმ ტაძრებში, რომელიც 500-ზე მეტ ადამიანს იტევს. გარდა ამისა, კამერა შეიძლება არ დაყენდეს ისეთ ტაძრებში, სადაც ხშირი ღვთისმსახურება არ ტარდება.

იღუმენია ქსენიას თქმითვე, კამერები შეიძლება გაითიშოს ნათლობის, ჯვრისწერის ან პანაშვიდის დროს, ანუ ინდივიდუალური რიტუალების დროს, რადგან მთავრობის განკარგულება, მხოლოდ საჯარო ღვთისმსახურებას ეხება.