2019 წელს თბილისის ათი რაიონის გამგეობა მართლმადიდებლურ ეკლესიებს 1 491 157 ლარით დაეხმარა. ამას გარდა, ამავე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს 25 მილიონი ლარი გადაერიცხა. ეკლესიებისთვის თანხები გამოყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობებიდანაც.

2017, 2018 და 2019 წელს თბილისის გამგეობებისგან მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა 4 096 960 ლარი მიიღეს, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციები 98-ჯერ ნაკლები, 41 899 ლარით დააფინანსეს.

თბილისის მერიისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მაგალითად, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებიდან თანხები ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციის ან სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოებისთვის გასცეს.

სამგორის გამგეობამ 2019 წელს ყველაზე მეტი დაფინანსება [230 000 ლარი] გასცა ეკლესიებისთვის. მას მოსდევს ვაკის გამგეობა, რომელმაც გასულ წელს 226 ათასი ლარით დააფინანსა ეკლესიები.

მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამი წლის განმავლობაში თბილისის რაიონებიდან, ძირითადად, მართლმადიდებლური ეკლესიების დასაფინანსებლად გაიცემოდა თანხა. ვაკისა და მთაწმინდის რაიონის გამგეობისგან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მათთვის დაფინანსების თხოვნით არ მიუმართავთ.

2017 წელს, საბურთალოს მასშტაბით, ტაძრების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის 70 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლის რემონტისთვის 9 915 ლარი. ამავე წელს სამგორის რაიონის გამგეობამ მართლმადიდებლური ეკლესიები 250 ათასი ლარით დააფინანსა. ასევე, 10 ათასი ლარი გადასცეს ეზიდთა სასულიერო საბჭოს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 მ² მიწის ნაკვეთი გადასცა. საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56 პროცენტი მუსლიმია.

პარლამენტში დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა.