ჟურნალისტების ჩატში შეცდომით გაგზავნილ შეტყობინებას, რომელიც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა მაღალი სიცხითა და "ფანტაზიით" გაამართლა, ამჯერად "ფეიქ ნიუსებისა" და "ბოტების" წინააღმდეგ ბრძოლით ამართლებენ. აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენელი არა ვინმეს მობილიზებას, არამედ მოსახლეობის "დაცვას" ცდილობდა.

"ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობის დროს, პრესსამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგი ინფორმაციის სანდოობის მხრივ....

ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში გახშირებულია ინფორმაციის დამახინჯების ფაქტები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება სრულ მზადყოფნაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით", — აცხადებენ ისინი.

მათი მტკიცებით, შეტყობინებას, რომელშიც ეწერა, რომ ფეისბუქგვერდებზე "დახმარება" იყო საჭირო, არასწორი ინტერპტეტაცია მიეცა.

გუშინ, 26 თებერვალს 25-ე არხმა გავრცელა შეტყობინების ფოტო, რომელიც აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა, ნონა კვასტიანმა ჟურნალისტების ჩათში დაწერა. შეტყობინებაში კვასტიანი ითხოვდა მობილიზებას მთავრობის თავმჯდომარისა და ტელეკომპანია იმედის ფეისბუქგვერდებზე იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ეთერის დროს ნეგატიური კომენტარები გაენეიტრალებინათ. რამდენიმე წუთში მან ჟურნალისტების ჩატი დატოვა, პრესსამსახურის სხვა თანამშრომელმა კი დაწერა, რომ კვასტიანს "სიცხე ჰქონდა" და მობილიზებაზე განცხადება მისი "ფანტაზიის ნაყოფი იყო". ის ამტკიცებდა, რომ აჭარის მთავრობა ასე არ მუშაობს.

ფოტო: კადრები აჭარის მთავრობისა და ჟურნალისტების ჩატიდან

კვასტიანმა მომხდარის უარყოფა ან დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა. მან On.ge-ს განუცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარს არ აპირებს და ტელეფონი გათიშა.

რიჟვაძისა და ტელეკომპანია იმედის ფეისბუქგვერდზე იმ ვიდეოს კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც იგეგმებოდა მობილიზება, პოზიტიურია. მათი დიდი ნაწილი მსგავსიც კია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რიჟვაძე "კარგი ლიდერია" და "ხალხის საჭიროებები ზუსტად ესმის".

ფოტო: კადრები თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქგვერდიდან

ქართული ოცნება რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას სოციალურ ქსელებით ცდილობს არაერთი ადგილობრივი არასამთავრობოს კვლევითა და ფეისბუქის განცხადებით დასტურდება. რამდენიმე თვის წინ ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი თქმით, ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა.

მმართველ გუნდში უარყვეს, რომ ტროლების ქარხანას მართავენ და იმას იმეორებდნენ, რომ ეს ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.