25 თებერვალს შოტლანდიის მთავრობამ მხარი დაუჭირა სამომავლო გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებში ქალის ჰიგიენური საშუალებები ყველასთვის უფასო იქნება. ამით შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, ისეთ საჯარო ადგილებში, როგორებიცაა სპეციალური საზოგადოებრივი ცენტრები, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები და აფთიაქები, ქალის ჰიგიენური ტამპონები და საფენები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

კანონპროექტის ინიციატორებს სურთ, რომ ქვეყანაში ე.წ. მენსტრუალური სიღარიბე (Period Poverty) შემცირდეს. ტერმინით "მენსტრუალური სიღარიბე" აღნიშნავენ ქალების იმ მდგომარეობას, როცა მათ დაბალი შემოსავლების გამო ხელი არ მიუწვდებათ აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებებზე.

პარლამენტში კანონს ხმა 112-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი იყო. ახლა კანონპროექტი მეორე სტადიაზეა, როცა მასში კონკრეტული შესწორებები უნდა შევიდეს.

კანონპროექტის ინიციატორი შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრი, მონიკა ლენონია, რომელის განცხადებითაც "ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შოტლანდიაში მენსტრუაციის ჩვეულებრივ მოვლენად აღქმას და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა შოტლანდიის მთავრობისთვის".

2018 წელს შოტლანდია გახდა ასევე პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალის ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

ამ კანონპროექტის განხორციელება შოტლანდიის მთავრობას დაახლოებით 24,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, რაც დაახლოებით $31.2 მილიონია.