მშობელი ამბობს, მის შვილს თბილისის თავისუფალ სკოლაში ისე ექცევიან როგორც საპოლიციო დაწესებულებაში ადამიანს. მშობელი ჰყვება, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლე ზედიზედ ორჯერ, ცხრა-ცხრა სასწავლო დღით გაკვეთილებიდან დათხოვნით დასაჯეს. არასრულწლოვნის მამამ ამის შესახებ საჯაროდ, Facebook-ზე დაწერა.

On.ge არაერთხელ დაუკავშირდა სკოლის დირექციას, თუმცა, დაპირების მიუხედავად, დირექტორმა ამირან ამბროლაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

მშობლისთვის სკოლის მხრიდან დასჯის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელი აღმოჩნდა და შვილის გადაყვანა გადაწყვიტა. როგორც ის წერს, ამის შესახებ აცნობა სკოლის ადმინისტრაციასაც, თუმცა მორიგი 9-დღიანი სადამსჯელო ღონისძიების შესახებ ცნობა მიიღო.

"მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობისა, რამენაირად აგვეხსნა თქვენთვის, რომ სკოლა არ არის საპოლიციო დაწესებულება, არამედ, არის ადგილი, სადაც ბავშვი პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ადამიანად და არა მათემატიკოსად, ფიზიკოსად, თუ სხვა რომელიმე დარგის "წარმატებულ სპეციალისტად". იძულებულნი ვართ, ბავშვი გადავიყვანოთ თქვენი სკოლიდან. სწორედ ამის ასახსნელად მოვედი დღეს დილით თქვენთან სკოლაში და გითხარით, რომ ბავშვი გადაგვყავს სხვა სკოლაში, მაგრამ სანამ გადავიყვანთ, ბავშვი ივლის სკოლაში და არანაირი სხვა რამ განხილული არ იქნება", — მიმართავს სკოლას მშობელი.

განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურს კერძო სკოლებში შესვლისა და შემოწმების მანდატი არ აქვს. უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ მშობელს შეუძლია, მიმართოს სამინისტროს, დააყენოს პრობლემა და ისინი ხარისხის მართვის სამსახურთან გადაამისამართებენ. სწორედ ამ სამსახურის ფუნქციაა სკოლაში მომხდარ შესაძლო დარღვევებზე რეაგირება.

ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი ფიქრობს, რომ სკოლიდან დათხოვნა "ცუდი, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია" მაშინ, როცა პრობლემაზე მშობელი არ რეაგირებს სათანადოდ. მისი თქმით, ლოგიკურად, ყველაზე კარგი გამოსავალი სკოლისთვის იქნებოდა, ჰქონოდათ კონტაქტი მშობელთან, მისთვის მიეცათ რეკომენდაცია, რათა ემუშავათ ამ პრობლემის გამოსწორებაზე და მერე ჩაერთოთ ფსიქოლოგი. სხვა შემთხვევაში ფსიქოლოგის აზრით ეს "დამსჯელობით სანქციას" ჰგავს, რომესაც არანაირი შედეგი არ აქვს.

"ზოგადად სკოლიდან გამოშვება არ არის ეფექტური გამოსავალი. თინეიჯერს ზრდასრული ადამიანები არ მიაჩნია საპატივცემულო ადამიანებად. მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრების აზრი და ის, რომ თავი დაიმკვიდროს მეგობრების სივრცეში. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ამ ასაკში ძნელია ბავშვების მართვა, როგორც მასწვალებლის მხრიდან, ისე, სკოლის მხრიდანაც. სკოლა რაც შეიძლება მეტი მოთმინებითა და მხარდაჭრით უნდა მოექცეს თინეიჯერს და ასაკობრივ კრიზისში მყოფ ბავშვს. ჩემი აზრით სწორად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთონ და როგორ", — განმარტავს ფსიქოლოგი.