რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩასატარებელ ადგილთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, ჩატარდება თუ არა მინისტერიალი თბილისში, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც აბაშიძე ამბობს, თუ მინისტერიალი თბილისში ჩატარდება თბილისში, უნდა შესრულდეს საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან და ასევე, უნდა შესრულდეს ვალდებულებები, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს, შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად და როგორ გაიმართება სესია, ერთი დღე მოვითმინოთ", – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

გაიმართება თუ არა მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში, ამასთან დაკავშირებით დღეს, 26 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მსჯელობას გამართვას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მინისტერიალის ჩასატარებელ ადგილთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა ექნება.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. იმ შემთხვევაში, თუ მინისტერიალი თბილისში გაიმართება, შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. საქართველოში კი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.