ამერიკულ კინოსტუდია Paramount Pictures-ს ცნობილი ფრენჩაიზის, შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ნაწილის გადაღებები იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო, ეს პროცესი დროებით შეჩერდა.

კინოსტუდიამ ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა, როცა იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა იყო უკვე დაფიქსირებული ქვეყნის მასშტაბით.

"სამსახიობო და სამუშაო გუნდის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გამო, ასევე ვენეციის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევის გამო, რომ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების ასარიდებლად მასობრივი საზოგადოებრივი შეკრებები შეზღუდოს, გადაღებები დროებით გადაიდო", — აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ შეუსრულებელი მისიის ახალ ნაწილში კვლავ იღებს მონაწილეობას მსახიობი ტომ კრუზი, რომელიც მთავარი გმირის, ითენ ჰანტის როლს ასრულებს. ამ ფილმების სერიის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა, ჯერჯერობით ბოლო, მეექვსე ფილმი კი 2018 წელს.

მეშვიდე ნაწილის პრემიერა 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. კომპანია ასევე მუშაობს შემდეგ ნაწილზეც, რომლის გამოშვებაც 2022 წლისთვის სურთ, თუმცა ვინ იცის, კორონავირუსი კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ტომ კრუზის შეუსრულებელი მისია ნამდვილად შეუსრულებელი დარჩეს?