თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შემუშავდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საფრთხის შემცველი მასალების შენახვა და რეალიზება კონკრეტულ ზონებში იქნება დაშვებული. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მსგავსი მასალების განთავსება აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა რეკრეაციული ზონები და საცხოვრებელი სახლები. მათი განთავსებისთვისა და რეალიზებისთვის განისაზღვრება ზონები და ისეთი შენობა-ნაგებობები, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერების შენახვისა და უსაფრთხოების ნორმები.

"არის კონკრეტული უბნები სადაც ხდება აალებადი მასალების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია საცხოვრებელი სახლების სარდაფებში. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ გაჩნდა ხანძრის კერა, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის. ეს იქნება სრული კატასტროფა", — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უნდა დაიწყოს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც მსგავსი მასალებით ვაჭრობს და საქმიანობის გასაგრძელებლად გონივრული ვადები განუსაზღვრონ. გარდა ამისა, მან შესაბამის სამსახურებს მიუთითა, რომ ახალი რეგულაცია საკრებულოში წარსადგენად მოამზადონ და ის ძალაში შემდეგი წლის პირველი იანვრიდან შევიდეს.