ლელო საქართველოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლებას "უკეთ აქვს გააზრებული" ქვეყანაში შექმნილი ვითარება. თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და რაიმეზე შეთანხმება არ მომხდარა.

"შეხვედრამ დაგვანახა, რომ, ზოგადად, ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და ის პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა, არანაირ კონკრეტულ საკითხზე შეჯერება-შეთანხმება არ მომხდარა", — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გუშინ, 25 თებერვალს ღამით აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერების, დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ იყო. შენობის დატოვების შემდეგ ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი აშშ-ს ელჩის მოადგილე იყო.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".