აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ახალი მოადგილე, ვახო ხუზმიაშვილი 2005-2008 წლებში გადაცემა პატრულში მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ "ამით ამაყობს". ამაზე მან დღეს, 25 თებერვალს აჭარის მაუწყებლის ეთერში გადაცემა მთავარში ისაუბრა.

"მე მეამაყება ყველა გმირი პოლიციელი. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი მეამაყება. მე სამარცხვინო არაფერი არ გამიკეთებია. მე გამიშუქებია, როდესაც პატრულმა სხვის სიცოცხლეს თავისი სიცოცხლე შეწირა. ვახო ხუზმიაშვილს კრიმინალი პოლიციელები არ გაუშუქებია. მე მეამაყება გადაცემა პატრულში მუშაობა", — ამბობს ხუზმიაშვილი.

წამყვანმა თეონა ბაკურიძემ ვახო ხუზმიაშვილთან ინტერვიუსას აღნიშნა, რომ იმ პერიოდის ბევრ ანგარიშში სიტყვა "წამება" პატრულთან ასოცირდებოდა. მან მაგალითად მოიყვანა 2008 წელს გიორგი გამცემლიძისა და 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტები. ამაზე ვახო ხუზმიაშვილი პასუხობს, რომ პატრული არ აწამებდა:

"მე იმას არ ვამბობ, რომ არ ხდებოდა, მაგრამ ვახო ხუზმიაშვილს არ გაუშუქებია არც რობაქიძე, არც გირგვლიანი და არცერთი მსგავსი თემა".

შსს-ს პრესსამსახურისა და გადაცემა პატრულის ყოფილ თანამშრომელს, გურამ დონაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე 5 წელი და 3 თვე მიესაჯა. ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. გადაცემა პატრულმა საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს.