ლევან ბერძენიშვილის წიგნი წმინდა წყვდიადი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2020 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლიტერატურული პრემია 3 წელია, რაც გაიცემა და ის ყოველწლიურად იმ ქვეყნებიდან გამოარჩევს ფავორიტ მწერალსა და ნაწარმოებს, სადაც ეს ორგანიზაცია მუშაობს.

ამ პრემიის ფინალისტებს შორის სხვადასხვა დროს მოხვედრილან ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან ნობელიანტი ორჰან ფამუქი თურქეთიდან, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი ოლგა ტოკარჩუკი პოლონეთიდან და ისმაილ კადარე ალბანეთიდან.

წმინდა წყვდიადი ლევან ბერძენიშვილის გადასახლებაში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს. მწერლის ავტობიოგრაფიული დეტალებით სავსე ეს ნაწარმოები 2010 წელს გამოქვეყნდა პირველად, ცოტა ხნის წინ კი ინგლისურადაც ითარგმნა (მთარგმნელები ჯეიმს ბაერი და ელენ ვეინერი).

წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობა 22 მარტს გახდება ცნობილი და 22 აპრილს დაჯილდოების ცერემონიაზე მწერალსა და მთარგმნელს ფულადი პრიზის სახით 20 000 ევრო გადაეცემა.