2018 წლის ნოემბერში მარსზე NASA-ს ხომალდი InSight დაეშვა, რომელიც წითელი პლანეტის შესწავლას დღემდე განაგრძნობს.

InSight-მა მარსზე სეისმური აქტივობების მტკიცებულებები იპოვა, რომელიც 174 სეისმურ მოვლენას მოიცავს — აქედან 20 სამი ან ოთხი მაგნიტუდისაა.

ოთხი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მარსზე დედამიწის მიწისძვრის მსგავსი არ არის, რადგან აქტივობა მარსის ზედაპირის შიგნით, ბევრად ღრმად მიმდინარეობს. თუკი მიწისძვრის ადგილას დადგებოდით, მსუბუქ მოძრაობებს იგრძნობდით, თუმცა იგი არანაირ დაზიანებას არ გამოიწვევდა.

InSight-ს ერთ-ერთ ინსტრუმენტს — სეისმომეტრს სეისმური აქტივობების შესახებ მონაცემები ორი წლის განმავლობაში უნდა შეეგროვებინა, თუმცა მან ეს ბევრად ნაკლებ დროში მოახერხა.

"ამ მისიას ათი წლის განმავლობაში ვგეგმავდით, საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ, სანამ ამ შედეგებამდე მოვიდოდით", — განაცხადა InSight-ის გუნდის მკვლევარმა ბრიუს ბენერდტმა.

მარსს, დედამიწისგან განსხვავებით, ტექტონიკური ფილები არ გააჩნია, შესაბამისად, იქ მიწისძვრებს ისეთი პროცესები იწვევს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, პლანეტის გაგრილება.

სეისმური ტალღების ანალიზისას გაირკვა, რომ მარსის ქერქის ზედა ნაწილი დაბზარულია, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მარსი სეისმურად აქტიური პლანეტაა.

"ეს არის პირველი მისია, რომელიც გეოფიზიკურ მონაცემებს დედამიწის გარდა სხვა პლანეტის შესახებ აგროვებს. მან საშუალება მოგვცა, მარსის გეოლოგიურ პროცესებზე მეტი რამ გაგვეგო. აღნიშნული მონაცემები პლანეტის მუშაობის პრინციპის შესწავლაში გვეხმარება", — განაცხადა მერილენდის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორმა ნიკოლას შმერმა.

მისიის დაწყების შემდეგ InSight-მა პლანეტის გარშემო 450 მიწისძვრა დააფიქსირა, რომლებსაც განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვთ. გუნდის მთავარ მიზანს მაღალი სიმძლავრის მიწისძვრის აღწერა წარმოადგენს, ასეთი, მისიის განმავლობაში ჯერ არ დაფიქსირებულა, იმავეს ვერ ვიტყვით დაბალი სიმძლავრის მიწისძვრებზე.

მეცნიერებს აინტერესებთ დაბალი სიმძლავრის მიწისძვრების სიხშირე კონკრეტულად რომელ ფაქტორთანაა დაკავშირებული — მარსის ორბიტასთან, სეზონების ან ატმოსფერულ ცვლილებებთან თუ რაიმე სხვა უცნობ ფენომენთან.

InSight-ის კიდევ ორ დავალებას მარსის ტემპერატურისა და მისი ბირთვის შესწავლა წარმოადგენს.

ექვსი კვლევა, საიდანაც ერთ-ერთი სწორედ სეისმურ აქტივობებს ეხება, ჟურნალ Nature Geoscience-სა და Nature Communications-ში გამოქვეყნდა.