საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს პროკიურატურას, რომ გამოიძიოს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. ასევე, მოუწოდებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს, რომ შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

"მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა", — წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელში ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული მრჩევლებისგან არჩეული გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ თანამშრომელთა ეჭვები გამართლდა. არხის დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს უფლებები შეუზღუდეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით დაანონსდა, რომ შეიცვლებოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და პროტესტის მიუხედავად დირექტორმა, კვლავ ქართული ოცნებისგან დანიშნული მრჩევლების დახმარებით, მაია მერკვილაძეს სხვა თანამდებობა შესთავაზა.

გარდა ამისა, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგ. ამ მოვლენების გამო, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ.