რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. "თქვენ ავადმყოფები ხართ გოგოებო" — უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვას უსვამდნენ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ.

პირველი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლავროვის დაცვა და მისი თანმხლები პირები აგრესიას გამოხატავენ და დასცინიან ჟურნალისტებს. დაცვის წევრები იშორებენ მათ, ლავროვის თანმხლები ქალი კი კამერებს ხელს აფარებს.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პირველი არხი

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი დაიგეგმა გაჩნდა მთავარი კითხვა — ვინ ჩამოვა რუსეთიდან. აქამდე, რუსეთის დელეგაციას მინისტერიალზე ლავროვი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი საქართველოში ჩამოსვლა პრობლემურია. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინიმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, მინისტერიალზე ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან საქართველოში საზოგადოება აღელვებულია. სწორედ, ამ საკითხის გარკვევას ცდილობდნენ ქართველი ჟურნალისტები.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის "გვერდის ავლა" გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა "ქართულ სტუმართმოყვარეობას" გამოავლენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.