ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ კომპანია Gilead Sciences-ის მიერ დამზადებული მედიკამენტი რემდესივირი, შესაძლოა, კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმაროს.

"ამჟამად მხოლოდ ერთადერთი მედიკამენტი არსებობს, რომელიც ჩვენი აზრით ეფექტიანი იქნება", — განაცხადა WHO-ს წევრმა ბრიუს აილორდმა. WHO-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რემდესივირის ადამიანებზე ტესტირება უკვე მიმდინარეობს და შედეგებს რამდენიმე კვირაში უნდა ველოდოთ.

Gilead Sciences-მა დაადასტურა, რომ კომპანია ჩინელ მეცნიერებთან ერთად ორ პაციენტთან მუშაობს, რომლებიც ახალი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

"ამჟამად ორი კვლევა მიმდინარეობს. ერთი ვირუსის ადრეულ სტადიაში მყოფ პაციენტებს შეისწავლის, მეორე კი შედარებით მძიმე შემთხვევებს. შედეგები, სავარაუდოდ, აპრილში გვექნება", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ იგი რემდესივირის (რომელსაც ებოლას სამკურნალოდ იყენებდნენ) კორონავირუსზე მოქმედებას ჩინელ მეცნიერებთან ერთად სწავლობდა. მედიკამენტმა ცხოველებში MERS-ისა და SARS-ის განკურნებაში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია.

Gilead Sciences ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც კორონავირუსის განსაკურნებლად შესაბამის მედიკამენტს ეძებს. ისეთი ფარმაცევტული გიგანტები, როგორიც Johnson & Johnson და GlaxoSmithKline-ია ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ.

კიდევ ერთმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, AbbVie-მ განაცხადა, რომ მათ Covid-19-ის სამკურნალოდ შიდსის ორი მედიკამენტისა და ტამიფლუს ნარევი გამოსცადეს, შედეგები კი დამაიმედებელია.

მკურნალობის გზების შემუშავებაზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც, მაგალითად, Moderna, Inovio Pharmaceuticals და Novavax.