აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დაუდასტურა. აქამდე რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე იყო.

"თუ ვინმეს ეპარება მის -[ნინო ხაჟომიას] პროფესიონალიზმში ეჭვი, თქვას", — აღნიშნა კოხრეიძემ.

მისივე თქმით, ნინო ხაჟომიას დანიშვნასთან დაკავშირებით მან საინფორმაციო სამსახურის უფროსს, შორენა ღლონტსა და მმართველ საბჭოს შეატყობინა. რაც შეეხება მაია მერკვილაძეს, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, კოხრეიძე ამბობს, რომ მას ახალი ტოქ-შოუს შექმნა შესთავაზა.

როგორც აჭარის მაუწყებელი წერს, ნინო ხაჟომია რედაქტორად ისე დანიშნეს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქმის კურსში არ იყო.

რაც შეეხება მაია მერკვილაძეს, ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, აღნიშნული თანამდებობა კი, მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერით რამდენიმე დღის წინ გაუქმდა.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.