საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ის აჭარის მაუწყებელში საინფორმაციოს რედაქტორი აღარ იქნება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად", — წერს მერკვილაძე.

19 თებერვალს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული ოცნებისგან დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ სამსახურის უფროსების მოადგილეების თანამდებობები გააუქმა.

მათ შორის გაუქმდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა. მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ირწმუნებოდა, რომ მას მსგავსი შინაარსის თანამდებობას შესთავაზებს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.